ქუთაისის მერის და მოადგილის გერმანიაში ვიზიტი ადგილობრივ ბიუჯეტს 10 339 ლარი დაუჯდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მიმდინარე წელს მივლინებაში ორჯერ გაემგზავრა. პირველად ის 11-16 თებერვალს ისრაელში მერების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად წავიდა. მივლინებისთვის ბიუჯეტიდან 1066.77 ლარი გაიხარჯა.

გიორგი ჭიღვარია 5-12 მარტს მივლინებით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც იმერეთის დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაზე იმყოფებოდა. ამისთვის ბიუჯეტიდან  5 169, 66 ლარი გაიხარჯა.

გამოცემა “ნიუპრესის” ცნობით, ამდენივე დაიხარჯა ვიცე-მერის გიორგი იობაშვილის მივლინებაზე. ჯამში,  საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობისთვის ბიუჯეტიდან 10, 339. 32 ლარი დაიხარჯა.

ორჯერ იმყოფებოდა მოვლინებაში ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე. 14-17 თებერვალს მოლდოვაში, საგრანტე პროექტის ფარგლებში  ვიზიტისთვის 1 911.73 ლარი გამოიყო. ამავე პროექტის ფარგლებში მოლდოვაში იმყოფებოდა პროექტის კოორდინატორიც, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 2  028.99 ლარი დაიხარჯა.

ნინო თვალთვაძის ტარტუში,  ელექტრონული მმართველობის აკადემიის სასწავლო ტურის ვიზიტი 100.65 ლარი დაჯდა. ამდენივე დაიხარჯა თანამშრომლის ვიზიტზე.

წელს, ამ დროის მონაცემებით, ქუთაისის მერიის თანამდებობის პირების მივლინებებზე 15 548 11 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი სიახლეები