ბათუმის მერიამ 42 თანამშრომლის პირად ავტომანქანებზე 28,435 ლიტრი საწვავი დახარჯა

703

წინა სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ბათუმის მერია, 2016 წელს, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 62 ავტომანქანის გარდა, საწვავს 42 თანამშრომლის ავტომანქანებზეც ხარჯავდა. უწყების ცნობით, ეს ავტომანქანები არ ირიცხებოდა მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე და იმყოფებოდა მერიის საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში/მფლობელობაში. როგორც ირკვევა, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 38,773 ლარის ღირებულების 28,435 ლიტრი საწვავია გაცემული.

თავად მერიის ბალანსზე კი 62 ავტომანქანაა, ჯამური საბალანსო ღირებულებით – 160,455 ლარი. აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯმა 179,729 ლარი შეადგინა.

უწყება ამბობს, რომ მერიამ ვერ წარუდგინა თანამშრომლების მანქანებზე გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება, რაც საჯარო რესურსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს წარმოშობს.

აუდიტის დასკვნიდან, ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბათუმის მერიამ აუდიტის სამსახურს მორიგე ავტომობილებზე გახარჯული 3,570 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარუდგინა.

ბათუმის მერიაში მორიგე ავტომანქანებზე, მერის შესაბამისი ბრძანებით, საწვავის ლიმიტია განსაზღვრული და ის კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კონკრეტული თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გამოიყოფა.

“მორიგე ავტომობილებზე, მოწოდებული ინფორმაციით, სულ გახარჯულია 6,941 ლიტრი საწვავი, საიდანაც 3,570 ლიტრი საწვავის ხარჯვაზე ვერ იქნა წარმოდგენილი სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც ქმნის საჯარო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს”, – ვკითხულობთ სახემწიფო აუდიტის დასკვნაში.

უწყება ამბობს, რომ მერიას არ აქვს დადგენილი შესაბამისი კრიტერიუმები, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელ თანამშრომელს ესაჭიროება განპიროვნებული ავტომანქანა. აგრეთვე, არ არის განსაზღვრული, რა საჭიროების გათვალისწინებით ხდება მერიის თანამშრომელთა პირად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საწვავის გამოყოფა/ ლიმიტების დადგენა.