ბათუმის მერიაში დღეიდან 9 სტრუქტურული ერთეული იქნება

1486

ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე ოცი საკითხი განიხილეს. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, რომლის თანახმადაც შეიცვალა მერიის აქამდე მოქმედი სტრუქტურა და შეიქმნა მერიის ახალი სისტემა. 

დღეიდან ბათუმის მერიაში ცხრა სტრუქტურული ერთეული იქნება – მერიის ადმინისტრაცია, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური, მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური, ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, შიდა აუდიტის სამსახური.

ამავე დადგენილებით გაუქმდა მერის წარმომადგენლის ინსტიტუტი მუნიციპალიტეტში. ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვა ორგანიზაციული ფორმით იქნება ადგილობრივი სერვის ცენტრები, რომლებიც აღჭურვილი იქნება როგორც მერის წარმომადგენლის ფუნქციებით, ისე, მასთან ერთად, სხვა დამატებითი ფუნქციებით, რაც უფრო ეფექტურს გახდის მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიწოდებას.

აღნიშნული დადგენილებით მერიის სტრუქტურიდან გავიდა კეთილმოწყობის სამსახური და მისი ფუნქციები მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს დაეკისრა, ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები დაექვემდებარა შესაბამის დარგობრივ სამსახურს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახური ახალი სტრუქტურული ერთეულის სახით ჩამოყალიბდა, ხოლო, მერიის ერთიან სისტემაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა.
მერიის სტრუქტურის რეორგანიზაციის შედგეად ბათუმის მერიაში შტატით და ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა 93 ერთეულით შემცირდა, შესაბამისად დაგეგმილია ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების და ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობის მაჩვენებლების შემცირება დაახლოებით 878 00 ლარით.

საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის რეორგანიზაციის შედეგად, დღეიდან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სახით იფუნქციონირებს.

ადმინისტრაციის სტრუქტურაში ერთიანდება სულ რვა განყოფილება – სამართლებრივი უზრუნველყოფის, სასამართლოსთან ურთიერთობის და ადმინისტრაციული დავების, საქმისწარმოების, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საჯარო ინფორმაციის და არქივის, ადამიანური რესურსების მართვის, მატერიალური და ტექნიკური ზედამხედველობის უზრუნველყოფის, მოქალაქეთა საკითხების განყოფილებები.