ქუთაისში, ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი განთავსდება

714

ქუთაისში, ე.წ. ხარაზოვის სკვერში მშრალი შადრევანი ამოქმედდება. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერიამ ტენდერი (NAT180004149)  გამოაცხადა. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციაშია მითებულია, რომ  შესაბამისი კვლევების საფუძველზე, უნდა შემუშავდეს ე.წ. მშრალი შადრევნის პროექტი. დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შადრევნის დეკორაციულ განათებას (ფერები და ესკიზი შეთანხმდება ქუთაისის მერიასთან შადრევნის (და განათების) მოწყობისათვის გამოსაყენებელი მასალები (კაბელები, განათების სისტემები, შადრევნის ზედაპირი და ა.შ.) უნდა აკმაყოფილებდეს ხანგრძლივი ექსპლოატაციისა და წყლის მიმართ განსაკუთრებული მედეგობის მოთხოვნებს.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შადრევნის ზედაპირი უნდა იძლეოდეს ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას და მასზე (ან მის მონაკვეთებზე) გამოსახული უნდა იყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 500 ლარია. წინადადებების მიღება  25 მარტს იწყება და  28-ში დასრულდება. ამ დროისთვის, ხარაზოვის ბაღში ამორტიზებული და გაუქმებული შადრევანია.