ვიცემერი არც ადასტურებს და არც უარყოფს დედაქალაქში საათობრივი პარკირების შემოღებაზე ინფორმაციას

წინა სტატია

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირების საფასურის დაწესებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ხმალაძე ამბობს, რომ ეს განვითარებულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკაა, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, არ აზუსტებს.  ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენ ძალიან მალე დავასრულებთ მუშაობას სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ და წარვუდგენთ საზოგადოებას, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე პარკირებასთან დაკავშირები, “- განაცხადა ხმალაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტში საათობრივი პარკირებისთვის საფასურის დაწესების საკითხი ხმალაძე პასუხობს: “ჯერ არაფერს დაგიდასტურებთ, ვინაიდან პოლიტიკა დასრულებული არ არის. აქედან გამომდინარე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ცალკეული ელემენტების გამოტანა და საზოგადოებისთვის გაცნობა.
გიდასტურებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი სხვადასხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქალაქებში. ჩვენ ვმსჯელობთ სხვადასხვა საკითხზე სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში და როგორც კი დავასრულებთ მუშაობას, წარმოგიდგენთ ინფორმაციას”, – განაცხადა ხმალაძემ.

ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისის მერიაში სიტი პარკსა და ვიცემერს შორის შეხვედრა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სიტი პარკის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომპანიის მიერ მერიისთვის ფუნქციების გადმობარების საკითხზე იმსჯელეს.

დღეს თბილისის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია “სითი საქართველომ” მერიას დედაქალაქში საათობრივი პარკირება შესთავაზა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები