ირაკლი ხმალაძე: სიტი პარკთან მერიისთვის ფუნქციების გადმობარების საკითხზე ვიმსჯელეთ

წინა სტატია

თბილისის მერიაში, ვიცემერ ირაკლი ხმალაძესა და კომპანია სიტი პარკს შორის შეხვედრა დასრულდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “სიტი პარკის” წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომპანიის მიერ მერიისთვის ფუნქციების გადმობარების საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“შეხვედრის აზრი იყო ის, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სათანადოდ გავატაროთ ის ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 10 აპრილიდან უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს პარკირების მონიტორინგი სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ძალიან კარგია, რომ კომპანია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის არის განწყობილი. ჩვენ დიდი ღონისძიებების გატარება მოგვიწევს მათთან ერთად, რომ სათანადოდ მოხდეს პროცესის გადმობარება”, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერი ასევე გამოეხმაურა კომპანია ”სიტი პარკის” განცხადებას თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აგრესიის ან თავდასხმის შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ.

“მინდა ასევე გამოვეხმაურო მათ მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩემთვის რთულად დასაჯერებელია ინსპექტორების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. 10 აპრილამდე პარკირების სისტემის მართვას ისევ “სითი პარკი” განახორციელებს და აუცილებელია, ამ კომპანიას ჰქონდეს საშუალება განახორციელოს პარკირების მენეჯმენტი. თუკი დაფიქსირდება აგრესია, თავდასხმა ამას მოჰყვება შესაბამისი ზომები”, – განაცხდა ხმალაძემ.

გარდა ამისა, ხმალაძე აღნიშნავს, რომ მერიას აქვს დასურათებული ფაქტები, თუ რა დარღვევები ჰქონდა “სიტი პარკს”. თუმცა, ვიცე-მერი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი არ განხილულა.

“ორივე მხარეს ჩვენი პოზიციები გვაქვს და ამის დაცვისთვის მზად ვართ”, – განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ თუ კომპანია არ ითანამშრომლებს მერიასთან, მერია მზად არის პარკირების სისტემის მართვა 10 აპრილიდან მაინც განახორციელოს.

მერიაში შეხვედრამდე სიტი პარკის გენდირექტორმა ბრიფინგი გამართა. ბინიამინ ლაჰავმა თბილისის მერიის მხრიდან უცხოელი ინვესტორის მიმართ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები