ლანჩხუთში საფეხბურთო აკადემია გაიხსნება

947

ლანჩხუთში, მანქანათმშენებლობის კოლეჯის ყოფილ ტერიტორიაზე, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ინფორმაციას გურია ნიუსი ავრცელებს.

ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, აკადემიის პროექტი, რომლის ღირებულებაც მილიონ ლარამდეა,  უკვე მზადაა.

მუნიციპალიტეტის საკრებულომ  სოფელ გვიმბალაურში მდებარე, ყოფილი  ტექნიკუმის ტერიტორიაზე  N1 შენობა-ნაგებობის 1322,1 კვ.მ. ფართიდან 827,2 კვ.მ. ფართი და 5 შენობა (მათ შორის სტადიონის) პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ 2017 წელს გადასცა ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას. სწორედ ამ სკოლის ბაზაზე უნდა მოეწყოს საცხოვრებელი კორპუსი და არსებული სტადიონი. ასევე, დამატებით უნდა გაკეთდეს ხელოვნურსაფარიანი მოედანიც.

საფეხბურთო სკოლაში უკვე არსებობს თანამედროვე სტანდარტების გასახდელები და საშხაპეები, რამაც დიდი წვლილი შეიტანა, რომ ფეხბურთის ფედერაციას არჩევანი ლანჩხუთზე გაეკეთებინა.

ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, პროექტს ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს, ასევე, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო უზრუნველყოფს ორი ასაკის ჯგუფის ყველანაირ ფინანსურ მხარდაჭერას.