გორის მერია ხელშეკრულებას დეპუტატის ცოლის კომპანიას უფორმებს

992

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერია საგზაო-სამშენებლო სამუშაობის შესრულებისთვის ხელშეკრულებას იოსებ მაკრახიძის მეუღლის კომპანიას უფორმებს. შპს-ში „შარა“ ციცინო კალანდაძე 33%-იან წილს ფლობს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ამ კომპანიამ გორის მერიის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1 091 187 ლარი იყო, საბოლოო შეთანხმების შედეგად კი ეს თანხა 894 773 ლარამდე შემცირდა.

გორის მერიის სატენდერო კომისიამ, რომლის თავმჯდომარე მერის მოადგილე, გელა კაპანაძე იყო, შესაბამისი ოქმი უკვე შეადგინა და გამარჯვებულ კომპანიად შპს „შარა“ დაასახელა. ერთ-ერთ არგუმენტად კი შპს „შარას“ „თეთრ სიაში“(თეთრ სიაში მყოფი მიმწოდებლები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობენ კიდევ უფრო გამარტივებული პროცედურებით) არსებობაა მითითებული.

შპს „შარა“ ქალაქ გორში, ნინოშვილის ქუჩის სავალი ნაწილის ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს შეასრულებს. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „შარას“ 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ტენდერების მეშვეობით 4 მილიონ ლარამდე აქვს მიღებული.

დეპუტატ იოსებ მაკრახიძის ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს აღნიშნული კომპანიიდან ერთი წლის განმავლობაში 12 500 ლარი აქვს მიღებული.