ქალაქ ბორჯომში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება

1084

ქალაქ ბორჯომში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები კვლავ გრძელდება. სრულად გაიწმინდა ჩარხისწყლის ხიდადან ღვარცოფგამტარამდე არსებული ტერიტორია, ასევე გოგიას ციხისა და გამარჯვების ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთი.  ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში მთლიანად გაიკაფა გზების მიმდებარე ფერდობები, ტერიტორიები გასუფთავდა ნაშალი მასალისგან, მიწისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. გამარჯვების ქუჩა კი, ზამთრის სეზონზე დაყრილი ტექნიკური მარილისა და ქვა-ღორღისაგან გაიწმინდა. 

სამუშაოები დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით ხორციელდება, რომელშიც გამწვანებისა და ტრანსპორტის სამსახურებიც აქტიურად არიან ჩართულები. 

სამსახურის უფროსის დავით ზაალიშვილის თქმით, უახლოეს დღეებში ახალი ინიციატივის განხორციელებაც იგეგმება და ყოველ შაბათ დღეს ე.წ. „შაბათობა“ მოწყობა.

“ინიციატივა ამ შაბათ დღეს პირველად განხორციელდება, დავასუფთავებთ მთის ხეობის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიას. ეს ინიციატივა გამორჩეულია იმით, რომ მასში ადგილობრივები ჩაერთვებიან და ჩვენს თანამშრომლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დასუფთავებაში, ასე გაგრძელდება ყოველ შაბათ დღეს მთელი ქალაქის მასშტაბით“- აღნიშნა დავით ზაალიშვილმა.