სიტი პარკის გენერალური დირექტორი: კომპანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია

696

სიტი პარკის გენერალურმა დირექტორმა ბინიამინ ლაჰავმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ის თბილისის მერიის მხრიდან უცხოელი ინვესტორის მიმართ არაკანონიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელევიზიით განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ცალხმრივად შეწყვიტა კონტრაქტი შ.პ.ს. სიტი პარკთან. გასაგებია რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა სასიხარულო ყოფილიყო იმ მოქალაქეებისთვის ვინც ერთხელ მაინც დაჯარიმებულა. თუმცა ყველა ევროპულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები პირველ რიგში პატივს ცემენ კანონმდებლობას და საკითხებს უდგებიან სამართლებრივად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელია დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, ვიმედოვნებ ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, მერმა აღნიშნა, რომ სიტი პარკის მიერ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია მცდარი იყო. წინა წლის განმავლობაში, სითი პარკმა გამოწერა 807 000 ჯარიმა და მათგან მხოლოდ 0,01% (95 ჯარიმა) გააუქმა მერიამ.

ბინიამინ ლაჰავმა დასძინა, რომ კალაძის განცხადებამ გავლენა იქონია სამუშაო პროცესზე და ინსპექტორების უსაფრთხოებაზე.

“მოგიწოდებთ გააკეთოთ მკაფიო განცხადება, რათა უზრუნველყოთ ინსპექტორების უსაფრთხოება რომლებიც ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას კანონის სრული დაცვით და საპასუხოთ იღებენ დაუმსახურებელ აგრესიას. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო რომ სითი პარკმა უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები და დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ცვენს სიმართლეს დავამტკიცებთ როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა სითი პარკის გენერალურმა დირექტორმა.

დღეს 14:00 საათზე თბილისის მერიაში სიტი პარკსა და მერიას შორის შეხვედრა გაიმართება. 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.