სიტი პარკი: კომპანიის ინსპექტორების მიმართ საზოგადოების აგრესია გამძაფრდა

867

კომპანია სიტი პარკის განცხადებით,დედაქალაქის მერის მიერ შპს „სიტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიის ინსპექტორების მიმართ აგრესია გამძაფრდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„შპს „სიტი პარკი“ იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცული იყოს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს „სიტი პარკის“ ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი. აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს „სიტი პარკში“ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიაში იმედს გამოთქვამენ, რომ თბილისის მერიისგან გატარდება ყველა ზომა მოქალაქეთა, მათ შორის შპს „სიტი პარკის“ ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.