იაპონიის მთავრობა ადიგენის სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობას დააფინანსებს

135

იაპონიის მთავრობის დაფინანსებით, ადიგენში, სოფელ მოხეში, საბავშვო ბაღი აშენდება. დაწესებულებაში მიმდებარე რვა სოფლის ბავშვები ივლიან. პროექტს World Vision–საქართველო განახორციელებს. ამ პროექტისთვის საელჩოს 66’395 აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მოხეში 340 ოჯახი ცხოვრობს, მათი უმეტესობა მუსლიმია. სოფელში ბაღი დაახლოებით ნახევარ საუკენეზე მეტია არ აქვთ. იაპონიის საელჩოს ცნობით, შედეგად, ბავშვების საბაზისო და განვითარების საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, რაც ზრდის ბავშვთა სიკვდილიანობას და ჯანმრთელობის ზიანს. პროექტის მიზანია პირველი ბაღის აშენება ამ დასახლებაში – პირველად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

პროექტები დაფინანსებულია იაპონიის მთავრობის მიერ „გრასრუტების ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16’642’524 აშშ დოლარი შეადგინა.