დედოფლისწყაროს გამგეობამ, გამარტივებული შესყიდვისას, კომპანიებს 436 ათასი ლარი კანონდარღვევით აუნაზღაურა

წინა სტატია

დედოფლისწყაროს გამგეობამ, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, კომპანიებს 436 ათასი ლარი კანონდარღვევით, მიმწოდებლების მიერ გაწეული ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის გარეშე აუნაზღაურა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით, დადებულია 19 ხელშეკრულება, ღირებულებით 482.3 ათასი ლარი. კერძოდ, 2015 წელს 18 ხელშეკრულება – ღირებულებით 476.3 ათასი ლარი, ხოლო 2016 წელს 1 ხელშეკრულება – ღირებულებით 6 ათასი ლარი.

“აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტების მიხედვით და არ ითხოვდა მიმწოდებლების მიერ გაწეული ფაქტობრივი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას. შედეგად, 2015-2016 წლებში 19 ხელშეკრულების ფარგლებში 436.4 ათასი ლარი ანაზღაურებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

გაწეული ხარჯის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, აუდიტის ჯგუფმა ჩაატარა დამატებითი აუდიტორული პროცედურებიც ჩაატარა და მუნიციპალიტეტს დაავალა, მიმწოდებლებისგან გამოეთხოვა შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

“მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა ნაწილი ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი ხელფასის გაცემის უწყისები, ან წარმოდგენილია ჯამურად რამდენიმე ობიქტისათვის და კონკრეტულ ობიექტზე გაწეული ხარჯების გამიჯვნა ვერ ხერხდება, ასევე, არ არის წარმოდგენილი მანქანა-
მექანიზმების დაქირავების ან ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი დოკუმენტები არ იძლევა მიმწოდებლების მიერ გაწეული პირდაპირი დანახარჯების სრულად დაანგარიშების საშუალებას”, – ვკითხულობთ დასკვნაში.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის სამსახური ამბობს, რომ 2015-2016 წლებში, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვისას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ არ არის
დაცული კანონმდებლობის მოთხოვნა და ანგარიშსწორება განხორციელებულია ფაქტობრივი დანახარჯების წარმოდგენის გარეშე, რაც, არსებული პრაქტიკით, იწვევს საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად ანაზღაურებას. “შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ მიმწოდებლებისათვის ანაზღაურებული 436.4 ათასი ლარი, წარმოადგენს შესყიდვების პროცესში შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებულ ხარჯს”, – წერია დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დედოფლისწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში კი, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა ევალებოდათ.

უწყება, ასევე, რეკომენდაციით მიმართავს მუნიციპალიტეტს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, ანგარიშსწორება არ განახორციელოს მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. “ამ მიზნით, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან”, – ნათქვამია დასკვანში.

მსგავსი სიახლეები