სიტი პარკი თბილისის მერიასთან დიალოგისთვის მზად არის

639

კომპანია “სიტი პარკის“ ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

კომპანიაში გამოეხმაურნენ თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მერიამ კომპანია „სიტი პარკს“ შესთავაზა შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე მომხდარიყო მსჯელობა.

“ოფიციალური წერილი შეხვედრაზე გადაბარებასთან დაკავშირებით ჯერ არ მიგვიღია, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელები მზად არიან დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია “სიტი პარკმა” თბილისის მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.