დადიანის ქუჩის მცხოვრებლებმა ზუგდიდის მერს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება სთხოვეს

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ის თეატრისწინ მდებარე კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა და მათგან პრობლემები მოისმინა. ლიფტები, სადარბაზოების კეთილმოწყობის საჭიროება, მიუსაფარი ძაღლები, დაზიანებული საბავშვო ატრაქციონი, გზებზე წყლის და კანალიზაციის მილების გაყვანის გამო შექმნილი რთული ვითარება და დისკომფორტი როგორც ქვეითებისთვის, ასევე მძღოლებისთვის, ეს ნაწილია საკითხების, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივებმა მერს მიმართეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მათი თქმით, სადარბაზოებს არ აქვთ კარები, უპატრონო ცხოველები შედიან და ცუდი სუნი დგას, მოშლილია კიბის სახელურები, მრიცხველები და მილები არასწორადაა დამონტაჟებული, კორპუსების ეზოებში დაგებული ქვაფენილები კი მოვლას საჭიროებს.

ზუგდიდის მერის თქმით, პრობლემების უმრავლესობა, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, მათთვის ნაცნობია და მუშაობენ ეტაპობრივად მათ მოსაგვარებლად. მისი თქმით, ისინი მოისმენენ საჭიროებებს ადგილობრივებისგან და დაისახება პრიორიტეტები, რომლის საფუძველზეც მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. მერისვე განმარტებით, გამრიცხველიანების პრობლემასთან დაკავშირებით კომპანიას დაელაპარაკებიან. რაც შეეხება სადარბაზოებში არსებულ სხვა პრობლემებს, ლაშა გოგიამ აღნიშნა, რომ მათ აქვთ თანადაფინანსების პროგრამა, მის ფარგლებში კი ცალკეული საკითხების მოგვარება შემდეგი გზით შეიძლება – ამხანაგობა პროექტის 10%-ს გადაიხდის, დანარჩენს მუნიციპალიტეტი.

მსგავსი სიახლეები