მთავრობამ დიდი მიტარბის განაშენიანების გენგეგმა დაამტკიცა

878

ცენტრალური მთავრობის დღევანდე სხდომაზე დიდი მიტარბის განაშენიანების გენერალური გეგმა დამტკიცდა. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა: “გეგმა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანსა და დიდ მიტარბს ყველაზე თანამედროვე კურორტებად აქცევს”.

„აღნიშნული გეგმა დიდი მიტარბის არეალის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ასევე, სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდაზე და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე.

ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ბაკურიანსა და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ უმალაზეს, ყველაზე თანამედროვე და განვიარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად, მაგრამ არა მხოლოდ ზამთრისთვის, არამედ ოთხი სეზონის კურორტად.

საუბარია იმაზე, რომ 5 000 საწოლი ადგილი განვითარდება დიდი მიტარბის მიმართულებით. იქნება ასევე კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები. დიდი სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურა – სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები ძირითადად ბაკურიანში განვითარდება და ეს ერთი მთლიანი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მიზიდულობის წერტილი საქართველოში ტურიზმისთვის.

უმნიშვნელოვანესია, რომ ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდ მიტარბში და ასევე 100 კილომეტრის რადიუსის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ყველა ადამიანის ცხოვრების დონეზე ექნება ძალიან დადებითი ზეგავლენა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 6 მარტს მთავრობამ ბაკურიანის განაშენიანების გენგეგმა დაამტკიცა.