ნაციონალები: ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობა დაუსრულებელია

1036

ნაციონალური მოძრაობა ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ მერიამ ანგისის დასახლებაში, სპორტული ბაზის მშენებლობის მიღება- ჩაბარების აქტი გასული წლის დეკემბერში სამშენებლო სამუშაობის დასრულებამდე ჩაიბარა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

დუმბაძის თქმით, ბაზაზე ამ დრომდე მწვანე საფარი და შენობა მზად არ არის და სამუშაობი მიმდინარეობს. დუმბაძემ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ,,დინამოს’’ თამაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე  მოუწია და არა ანგისში აშენებულ ბაზაზე. მისივე თქმით, ბაზის მშენებლობის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურას უკე მიმართეს.

მერიაში კი განაცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ უპასუხეს, ამიტომ კომენტარს აღარ აკეთებენ. 8 თებერვალს  გაკეთებულ განცხადებაში წერია, რომ “სპორტულ ბაზაზე პროექტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულებულია. ბაზის შენობა ჩაბარებულია ყველა საჭირო პროცედურის დაცვით და სამუშაოების შესრულების ხარისხიანობა დადასტურებულია სამხარაულის ექპეტიზის ბიუროს მიერ”.