ირაკლი კობახიძე: დღეისათვის თვითმმართველობის უფლებამოსილებები ძალიან შეზღუდულია

704

წინა სტატია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის რეფორმა პარლამენტის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, შესამუშავებელია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები აისახება. ამის შესახებ კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეისათვის ძალიან შეზღუდულია თვითმმართველობის უფლებამოსილებები. მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. ეს უნდა გაკეთდეს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ჩვენ, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადი დავკარგეთ. ვგულისხმობ ბოლო წლებს, როდესაც შესაძლებელი იყო ასეთი სტრატეგიის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება. თუმცა, წინ უნდა გავიხედოთ და უნდა დამტკიცდეს აუცილებლად დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება და მათი რესურსების, ფინანსური, ქონებრივი და სხვა რესურსების გაძლიერება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, აქტიური მუშაობა დაიწყება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე.

5 მარტს ქვეყნის პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. სტრატეგია, როგორც მთავრობა იუწყება, სამ მიმართულებაზე იქნება აგებული და რვა წელზე იქნება გათვლილი. ანუ, რეალურად, დეცენტრალიზაცია ამ დროისთვის განხორციელდება.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე საუბარი ჯერ კიდევ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისას დაიწყო. 2017 წლის ივნისში ხელისუფლებამ თქვა, რომ სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს. მოგვიანებით, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან  სამთავრობო პროგრამის – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” წარდგენისას საზოგადოებას აცნობა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა იწყება. ითქვა ისიც, რომ სტრატეგიის პირველადი ვარიანტი 2018 წლის მარტისთვის გამოქვეყნდებოდა. შემუშავდა გარკვეული დოკუმენტიც, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დაუკვეთა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ არც ეს დოკუმენტია საბოლოო და დღეისათვის ხელისუფლებამ საზოგადოებას მხოლოდ თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარუდგინა და დაპირდა, რომ ზაფხულისთვის სტრატეგიის სამუშაო ვარიანტს გამოაქვეყნებს, საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ჩართავს, წლის ბოლოსთვის კი აღნიშნულ სტრატეგიას დაამტკიცებს.