IDFI თბილისის მერიასა და სიტი პარკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს განმარტავს

651
2018 წლის 13 მარტს ქ. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია „სი-ტი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან აუქმებს. მერიის განმარტებით, კომპანიამ არ შეასრულა ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის საპარკინგე ზოლების დახაზვა, საპარკინგე ნიშნების დაყენება და შშმ პირებისთვის საპარკინგე სივრცის მოწყობა.[1]
ქ. თბილისის მერიასა და „სი-ტი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების ინტერესის საგანი. IDFI 2013 წელს ცდილობდა მიეღო ხელშეკრულების ასლი, თუმცა 2013 წლის დეკემბერში ინსტიტუტმა მიიღო ხელშეკრულების მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მერიის ცნობით არ წარმოადგენდა შპს „სი-ტი პარკის“ კომერციულ საიდუმლოს. „სი-ტი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ყველა დეტალი მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი, როდესაც თბილისის ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება გასაჯაროვდა.
IDFI გთავაზობთ ხელშეკრულების იმ ნაწილების ანალიზს, სადაც საუბარია ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპენსაციის გადახდაზე. ხელშეკრულების შესახებ სრული ანალიზის გასაცნობად გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული.
„სი-ტი პარკის“ ვალდებულებები
ხელშეკრულების მიხედვით, „სი-ტი პარკის“ მომსახურებები მოიცავს შემდეგს:
  • ინფრასტრუქტურის მომზადება
  • საგზაო ნიშნების მონტაჟი
  • საგზაო ნიშნების განახლება
  • საზოგადოების ინფორმირება
  • ავტომატური საზომი მოწყობილობების, პარკირების ფიჭური სისტემის გავრცელება და ოპერირება
  • პარკირების საფასურის გადახდის დაზიანებული ან მოპარული მოწყობილობების აღდგენა
  • ქოლ-ცენტრების მუშაობა კვირაში 5 სამუშაო დღე,
  • გადახდის ცენტრების ოპერირება ა.შ.
ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიამ შპს „სი-ტი პარკს“ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს შემდეგ შემთხვევებში:
  • თუ ქ. თბილისის მერია შეწყვეტს ხელშეკრულებას საკუთარი მიზეზით, „სი-ტი პარკის“ მხრიდან აღებული ხელშეკრულებების დარღვევის გარეშე (მუხლი 12.2.)
  • თუ შპს „სი-ტი პარკი“ თავად შეწყვეტს ხელშეკრულებას ქ. თბილისის მერიის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (მუხლი 12.2.)
  • თუ თბილისის მერია მესამე მხარეს ან სხვა სამთავრობო ორგანოს გადასცემს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების მსგავს ან კონკრეტულ უფლებას (მუხლი 9)
  • თუ საქართველოს კანონმდებლობა ისე შეიცვლება, რომ შპს „სი-ტი პარკს“ შეეზღუდება შესაძლებლობა, განახორციელოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, დაეკისრება დამატებითი პასუხისმგებლობა, ან რაიმე სახით შეუმცირდება შემოსავალი (მუხლი 5)
შპს „სი-ტი პარკისთვის“ ასანაზღაურებელი კომპენსაცია გამოიანგარიშება შემდეგი წესით:
პირველ სამ შემთხვევაში (მუხლი 12.2. და მუხლი 9):
  • თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის განმავლობაში, შპს „სი-ტი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაცია დაიანგარიშდებოდა შემდეგი ფორმულით – 500,000 ლარი გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან ვადის დასრულებამდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
  • თუ შეწყვეტა მოხდებოდა ხელშეკრულების დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, ქ. თბილისის მერია ვალდებული იყო შპს „სი-ტი“ პარკისთვის აენაზღაურებინა შეწყვეტის ხარჯები, რომლებიც შემდეგი ფორმულით დაანგარიშდებოდა: გასული 12 თვის განმავლობაში შპს „სი-ტი პარკის“ მომსახურებიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალი გაყოფილი ორზე და გამრავლებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან მისი ვადის ბოლომდე დარჩენილი თვეების რაოდენობაზე.
მეოთხე შემთხვევაში (მუხლი 5):
  • საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული უშუალო ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლის საშუალო თვიური მაჩვენებელი გამრავლებული იმ თვეების რაოდენობაზე, რაც დარჩენილი იყო ცვლილების ძალაში შესვლიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე.
  • ამას გარდა, შპს „სი-ტი პარკი“ უფლებამოსილი არის მიიღოს კომპენსაცია იმ დამატებითი ხარჯების გაწევის გამო, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე ვალდებულებებსა და ხელშეკრულების საგანს.
ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის მერიამ შპს „სი-ტი პარკს“ კომპენსაცია არ უნდა გადაუხადოს შემდეგ შემთხვევებში:
  1. “სი-ტი პარკის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია წერილობით გააფრთხილებს “სი-ტი პარკს”, აღნიშნავს დარღვევის ბუნებას და მისცემს “სი-ტი პარკს” დარღვევის გამოსწორების 60 დღიან ვადას (მუხლი 13.3.)
  2. „სი-ტი პარკის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისის მერია შეწყვეტს ხელშეკრულებას (მუხლი 13.3.)
კომპენსაციის გადახდა „სი-ტი პარკის“ მიერ
  • “სი-ტი პარკის” მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში „სი-ტი პარკს“ ანალოგიური რაოდენობის კომპენსაციის გადახდა არ ეკისრება.
  • ასეთ შემთხვევაში მერია უფლებამოსილი არის მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, „სი-ტი პარკს“ არ დაუბრუნდება გადახდილი ხარჯები და არ აუნაზღაურდება გაწეული ხარჯები.
  • თუ „სი-ტი პარკი“ არ შეასრულებს მასზე აღებულ ვალდებულებებს, ან არაჯეროვნად შეასრულებს მათ, მერიას შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია. თუმცა, მერიისთვის გადასახდელი კომპენსაციის დაანგარიშების წესი, „სი-ტი პარკისთვის“ გადასახდელი კომპენსაციისგან განსხვავებით, ხელშეკრულებაში დეტალურად გაწერილი არ არის.