საძელიდან ახალციხეში ფეხით დადიან – სოფელი მიკროავტობუსს ითხოვს

760

საძელი – ახალციხის მიმართულებით მოძრავმა ‘მარშუტკამ’ ბოლო ‘რეისი’ ერთი წლის წინ შეასრულა. მას შემდეგ, ვისაც ქალაქში საქმე აქვს, ან მანქანიან თანასოფლელს დაეძებს, ან ქალაქამდე მიმავალ 5–კილომეტრიან გზას, ფეხით მიუყვება. ადგილობრივები მიკროავტობუსის დანიშვნას ითხოვენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„თუ რომელიმე თანასოფლელი არ მიდის ქალაქში, იძულებული ვართ ფეხით ჩავიდეთ, რომ ან წამალი ვიყიდოთ და ან სხვა საქმე გავაკეთოთ. ყველას კი არ გვყავს სახლში მანქანა, ჩვენს ნებაზე რომ ვიაროთ“,– ამბობს ადგილობრივი ზავერთ თორესიანი.

ადგილობრივების თქმით, აქამდე მათ პატარა პამაჯის სამგზავრო მიკროავტობუსი ემსახურებოდათ, რომელიც მიმდებარე სოფლებშიც გადადიოდა. მათი ვარაუდით, ახლა ტრანსპორტმა სხვა მიმართულებით დაიწყო სიარული.

ახალციხის 46 დასახლებიდან, დღეის მდგომარეობით, ქალაქთან დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი შვიდ სოფელს არ ჰყავს. შვიდივე სოფელს შპს „ბორდი“ ემსახურებოდა. „ბორდმა“ მიკროავტობუსის გარეშე სოფლების: საძელის, პატარა პამაჯის, ყულალისის, ორალის, ხაკის, ჭვინთისა და ელიაწმინდის მცხოვრებლები დატოვა.

ახალციხის დანარჩენი სოფლებიდან 25–ში შპს „ჯეოტივის“ ტრანსპორტი დადის, 14–ში კი ისევ „ბორდის“.