61 ათასი ლარი საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, 69 ათასი – მის შემცვლელს – ორმაგი ხარჯი ადიგენის ბიუჯეტში

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე, რომელიც თანამდებობიდან 2015 წლის 5 მარტს გადააყენეს, სასამართლომ 2016 წელს თანამდებობაზე აღადგინა და წარმომადგენლობით ორგანოს განაცდურის სახით 61.4 ათასი ლარის ანაზღაურება დაავალა.

ამის პარალელურად, ადიგენის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე – იმედა მღებრიშვილი აირჩია, რომელმაც ამ თანამდებობაზე 2015 წელს 35 600 ლარი, 2016 წელს კი 33 400 ლარი აიღო. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეს კი სასამართლოს მიერ კომპენსაცია 2017 წლის ბიუჯეტიდან სრულად აუნაზღაურა.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა ის, რომ საკრებულომ ისე განიხილა საკითხი, რომ ის ბიუროს მიერ არ იყო შეტანილი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. ამასთანავე, დარღვეული იყო კენჭისყრის ფარულობის პრინციპები. სწორედ ამიტომ სასამართლომ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აღადგინა თანამდებობაზე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაავალა მოსარჩელე პირზე იძულებითი განაცდურის (თანამდებობაზე აღდგენამდე) ანაზღაურება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს, რომ მუნიციპალიტეტს, გათავისუფლებული პირისთვის კომპენსაციის ანაზღაურებითა და, პარალელურად, საკრებულოს ახალი თავმჯდომარისთვის ხელფასის გაცემით,  2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯის გაწევა მოუხდა, რაც თანხების არამართლზომიერი ხარჯვის მაგალითია.

მსგავსი სიახლეები