ქობულეთში საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია გრძელდება

532

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, საფეხბურთო მოედან „ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით, სტადიონზე ხელოვნური საფარი ბუნებრივით შეიცვლება. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„მსგავსი პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის. „ჩელე არენაზე“ სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოწყობა ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ტურიზმის განვითარებას, ასევე ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მე როგორც სპორტის ქომაგი და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი მზად ვარ მაქსიმალურად შევუწყო ხელი მის განვითარებას“ – აღნიშნა მერმა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა საფეხბურთო კლუბს მხარდაჭერა აღუთქვა და სამომავლოდ სავარჯიშო მოედნის მოწყობას დაჰპირდა.