ნაციონალები: ზუგდიდის მერია ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს

763

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ადგილობრივი მთავრობა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, მუნიციპალიტეტის მერია ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან ბრიფინგი პარტიის სხვა წევრებთან ერთად გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ კოპლექსის გაშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე მერის მეგობარია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ჯალაღონია შონიასა და გულორდავას მეგობარია, არ უნდა გასხვისდეს ზუგდიდელების საკუთრება ისეთ კომპანიაზე, რომელიც გასულ თვეს დარეგისტრირდა და არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია. სალომე ჯალაღონია მხოლოდ ფიქტიური მფლობელია და რეალურად „ზუგდიდი სითის“ მისი მამა ფლობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ. მან საკრებულოსა და მერიას მოუწოდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში წითლიძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ლევან შონია გოჩა ჯალაღონიას საერთოდ არ იცნობს.

„რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა“, – აღნიშნეს სამხარეო ადმინისტრაციაში.

სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითიმ” მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია 1 მარტს გამართა. პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია. მერიის ინფორმაციით, ”ზუგდიდი სითი”, რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ კვირას პრეტენზიები შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა მიქავამ გამოთქვა და მერია მისი ტერიტორიის უკანონო გასხვისებაში დაადანაშაულა. მერმა ლაშა გოგიამ კი მის საპასუხოდ განმარტა, რომ სააქციო საზოგადოებამ მხოლოდ პრეზენტაცია გააკეთა და ამ ტერიტორიაზე ინვესტიცის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.