უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი რეაბილიტაციის გამო 4 თვით დაიკეტა

571

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით გადაიკეტა. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ხიდს, რომელიც აშენების შემდეგ არასოდეს შეკეთებულა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს.

სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მისი ღირებულება 515 515 ლარია.