სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადებულ რკინის კვერცხს რუსთავის მერიამ ადგილი ვერ მოუძებნა

486

რკინის კვერცი რომელიც რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში გაკეთდა, უკვე 9 თვეა უმისამართოდ დაგორავს. ის მოცულობით ესკიზთან შედარებით საკმაოდ დიდია. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.

სიმპოზიუმის ფარგლებში კიდევ 10 სკულპტურა დამზადდა, ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ კვერცხმა თავის დროზე მერიის შესაბამისი სამსახურის და ასევე ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა (რადგან სკულპტურების შერჩევა კონკურსის წესით მოხდა), ის მაინც უპატრონოდ დაგორავს და შესაძლოა ძლიერი ქარის შემთხვევაში წყლის არხშიც ჩავარდეს.

თანხა კი, რომელიც შესაძლოა წყალს გაჰყვეს საკმაოდ სოლიდურია, სიმპოზიუმის გამართვა ქალაქის ბიუჯეტს 177 000 ლარი დაუჯდა. ასევე უცნობია სად განათავსეს კიდევ ერთი ქანდაკება რომელიც სიმპოზიუმის ფარგლებში უნდა შექმნილიყო, მის ადგილმდებარეობას “ინფო რუსთავმა” ვერსად მიაკვლია.