ირაკლი კობახიძე: მინდა, პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება აგვარიდა თავიდან

მინდა, საქართველოს პატრიარქს 2013 წელს გაკეთებული განცხადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო, რადგან მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად გაუაზრებელი ნორმების ამოქმედება, რომელიც სამხარეო თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტების დაშლას და საზოგადოებრივი საბჭოების აბსოლუტურად არასწორი ფორმით ამოქმედებას შეეხებოდა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ განცხადებით გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეთანხმებულია თუ არა თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია საპატრიარქოსთან, რათა ისეთ პრობლემას აღარ გადავაწყდეთ, როგორიც მაგალითად, 2013 წელს მოხდა, როცა პატრიარქის ქადაგების შემდეგ თვითმმართველობის კოდექსიდან ამოვიდა ნორმები, რომლის მიხედვითაც გუბერნატორები ანგარიშვალდებული უნდა გამხდარიყვნენ და უბნების, სოფლებისა და ქალაქების დონეზე საზოგადოებრივი საბჭოები შექმნილიყო, რაც მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდიდა.

„რეალურად, განცხადებისა და კრიტიკის მიზეზი ეს იყო და არა ის, რომ დეცენტრალიზაცია ხორციელდებოდა. პირიქით, რაც თავის დროზე კეთდებოდა, იმის შედეგი რეალურად, დეცენტრალიზაცია არ იყო. თითოეული ნაბიჯი, რომელიც საბედნიეროდ, შემდეგ აღარ გადაიდგა, აბსოლუტურად გაუაზრებელი იყო და პატრიარქს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან თავიდან აგვარიდა აბსოლუტურად არასწორი განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, დეცენტრალიზაცია არის მეტი უფლებამოსილება და რესურსები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის და არა რაღაცის დაშლა, გამსხვილება, გაერთიანება და ა.შ.

„ეს სახელმძღვანელოში წერია და იმ ადამიანებმა, ვინც პროცესი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანეს, ისიც კი ვერ გაიაზრეს, რაც სახელმძღვანელოში წერია“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი საქართველოს პატრიარქი და საპატრიარქო არ იქნება და საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა დეცენტრალიზაციის წინააღმდეგი სუს–ი, რომელსაც ბევრი ადგილზე გადაწყვეტილების მიმღებ ერთ–ერთ ორგანიზაციად მოიაზრებს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2015 წლიდან, რაც ის პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანია, პროცესები ადგილობრივ თვითმმართველობაში ისე წარიმართება, როგორც უნდა წარიმართებოდეს. შესაძლოა, ექსცესები, ინდივიდუალური შემთხვევები იყოს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობები გადაწყვეტილებას დღეს დამოუკიდებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ.

2013 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მცხეთის საკათედრო ტაძარში იქადაგა, სადაც აღნიშნა: „ჩვენი პარლამენტი და ჩვენი ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე, კანონზე. ეს მეტად რთული საკითხია. ეს თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ, დარღვევისკენ. ჩვენ არასდროს არ შევურიგდებით ამას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შესრულდეს“.

მსგავსი სიახლეები