პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტი ბორჯომის საკრებულოს მოუწოდებს, ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ

793

წინა სტატია

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ბორჯომში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გვინდა, განცხადებით გამოვეხმაუროთ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებს.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია მკაფიო საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, სპეციფიკა და ამოცანები, ეფექტურად უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა, უწყვეტად და მაღალი ხარისხით მიაწოდოს მუნიციპალური სერვისები მოსახლეობას, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მას სჭირდება მხარდაჭერა და იმის გააზრება, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში არასათანადო ჩარევამ შეიძლება ხელი შეუშალოს და დააზარალოს ზემოთ ხსენებული საჯარო ინტერესები.

სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში იყო არაერთი ასეთი მცდელობა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.

სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა, ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათი შრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე.

ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომისა და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის.

ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსენსუსისთვის.

მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში, ინტერვენცია, ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავსმოხვევის და ხელის შემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად.