დედაქალაქში გარევაჭრობაზე ჯარიმები გაიზრდება

510

თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცემერამა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქში გარევაჭრობაზე ჯარიმები გაიზრდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ხმალაძის თქმით, ზედამხედველობის სამსახური გარევაჭრობის საკითხის გასაკონტროლებლად მუშაობას გააძლიერებს. ამასთან, უკანონო გარევაჭრობის გამოვლენის შემთხვევაში კანონდამრღვევს, ჯარიმის გადახდასთან ერთად, გარევაჭრობის ადგილის დატოვებაც მოუწევს.

“ეს ინიციატივა უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. იმისთვის, რომ გარევაჭრობა აღიკვეთოს, ერთი მხრივ, საჯარიმო სანქციების გამკაცრებაა საჭირო და, მეორე მხრივ, უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება.

დედაქალაქის მერისგან მივიღე დავალება, რომ მოხდეს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება, ზოგადად ზედამხედველობის სამსახურის რეფორმირება და საჭიროების შემთხვევაში მათი რესურსის გაზრდაც, იმისთვის, რომ უფრო ეფექტური შედეგები მივიღოთ ქალაქის იერსახის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ სამართალდარღვევაზე და განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა მეტი იქნება. არსებობს ვაჭრობის ფართები, თუმცა მაინც ხდება ლოკაციებზე თვითნებურად განთავსება და უნებართვოდ ვაჭრობა, შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების გატარება დავით ნარმანიას მერობის დროს, გასული წლის მარტიდან დაიწყო. მაშინ რამდნიმე მეტროს მიმდებარე ტერიტორიებიდან შესაბამისმა სამსახურებმა დახლები აიღეს.