თბილისის ღამის ეკონომიკას სერგი გვარჯალაძე განავითარებს

890

თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ ღამის ეკონომიკის განვითარება იყო. თბილისის მერის თქმით, ამ ეტაპზე მერია პროექტზე აქტიურად მუშაობს.

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბევრს ვსაუბრობდი წინასაარჩევნოდ, ეს არის ღამის ეკონომიკის განვითარება. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ბევრ თანამედროვე ქვეყანაში კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისში აუცილებლად უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე”, – თქვა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გარეუბნების გაცოცხლებას. “პროექტის განხორციელებით ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებზე და გავაცოცხლოთ ისეთი უბნები, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა. ამ პროექტს უხელმძღვანელებს ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე. ის ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ერთად, ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით, ქალაქისთვის ძალიან სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ”, – განაცხადა კალაძემ.