ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალის გახსნა ბიუროკრატიული პროცედურების გამო გადაიდო

ზემო ლარსზე პირველი ლოგისტიკური ტერმინალი ექსპლუატაციაში 2017 წლის ნოემბერში უნდა შესულიყო, თუმცა ამ დრომდე არ ამოქმედებულა. მიზეზი ბიუროკრატიული პროცედურებია. ამის შესახებ პროექტის შემსრულებელი კომპანიის Murphy Kazbegi-ის ადმინისტრაციის უფროსმა ეკატერინა ზამბახიძემ თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ზამბახიძის თქმით, კომპანია საბოლოო ნებართვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ელოდება.

„სანამ ტერმინალი ექსპლუატაციაში შევა, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურებია გასავლელი, რის გამოც ეს პროცესი ისევ გადაიდო. კომპანია აუდიტორულ დასკვნებს ამზადებს, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად წარედგინება. შემდეგ უკვე სამინისტროსგან ნებართვა გაიცემა და ექსპლუატაციაშიც შევა.

გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზეა საბაჟო გამშვები პუნქტიც. ტერიტორიის და შენობის გადაცემაც უნდა მოხდეს. ესაც გარკვეულ პროცედურებს და დროს მოითხოვს. ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება გაგვიჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე, უახლოეს თვეებში მოესწრება“, – აღნიშნავს ზამბახიძე.

მისი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, რჩება სასტუმროს მშენებლობა, რომელიც კლიმატური პირობების გაუარესების გამო, შეჩერებული იყო და ახლა ისევ გაგრძელდა.

რაც შეეხება ახალ ლოკაციებს და ტერმინალების სხვა რეგიონებში მოწყობას, Murphy Kazbegi-ის ადმინისტრაციის უფროსი განმარტავს, რომ ზემო ლარსის ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ეს პროცესები ეტაპობრივად დაიწყება. თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ლოგისტიკური ტერმინალები 12 ლოკაციაზე მოეწყობოდა, მათ შორის, წითელ ხიდზე, ქუთაისში, სარფში, ფოთში. ზამბახიძის თქმით, ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები