ზუგდიდის მერიას ნაგვის მოსაკრებლის გადაუხდელობაზე სანქციის დაწესება სურს

647

მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, თვითმმართველობებში საყოფაცხოვრებო ნაგავზე დაწესებული მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში რეგულაციები უნდა დაწესდეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ლაშა გოგიამ ეს წინადადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, ანაკლიაში წარადგინა. გოგიას თქმით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნაგავზე დაწესებული მოსაკრებლის ამოღება პრობლემაა. „ჩვენ არ გაგვაჩნია თანხის ამოღების მექანიზმი და კარგი იქნება, რომ შევიდეს სანქციები ასეთ დროს“, – განაცხადა მერმა.

საპასუხოდ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ შეხვედრაზე დასმული საკითხები განხილული იქნება კომიტეტის ფორმატში. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მოთხოვნები მეტწილად ერთნაირია და მათ საერთო პრობლემები აწუხებთ. ზაზა გაბუნიასვე განმარტებით, ზუგდიდის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მანამდეც ჰქონდათ ამ საკითხებზე საუბარი და აუცილებლად მოხდება ამ ინიციატივების განხილვა.