თბილსერვისი: ვაკეში ნაგავი ღამით მოსახლეობის მხოლოდ 25%-ს გააქვს

800

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით, საპილოტე პროექტით დადგენილ წესებს ვაკის რაიონის მოსახლეობის 25% ითვალისწინებს. საუბარია ნაგავშემკრებ კონტეინერებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 20:00 საათის შემდეგ გადაყრაზე. ამის შესახებ “თბილსერვისის” დირექტორმა ლევან ჯღარკავამ თქვა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ჯღარკავას განმარტებით, თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მოქალაქეებს ადგილზე აცნობენ, თუ რატომ უნდა გაიტანონ ნაგავი ღამის საათებში. კონტეინერების დაცლას „თბილსერვის ჯგუფი“ ღამის განმავლობაში უზრუნველყოფს.

„იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქე გაითვალისწინებს დაწესებულ გრაფიკს. პროექტი ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ფინანსების დაზოგვას ისახავს მიზნად. გვინდა, რომ კონტეინერებთან ნაგავშემკრები მანქანა მხოლოდ ერთხელ მივიდეს. დღეს კი, 3-4 ჯერ მაინც გვიწევს შემოწმება, რადგან ქალაქში ნარჩენების დიდი რაოდენობა, საშუალოდ 1000 ტონაზე მეტი იყრის თავს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ დაახლოებით თვენახევრიანი დაკვირვების შემდეგ გაირკვევა, გაფართოვდება თუ არა საპილოტე პროექტის არეალი.

თბილისის მერიამ, ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტი დაიწყო.