შიდა ქართლში წელს 6-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

197

2018 წლის განმავლობაში გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის რამდენიმე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ პროექტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებშია გამოიყოფილი. მთლიანად საქართველოს მასშტაბით, სულ 30 სკოლა გარემონტდება, რომელზეც 18 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში დაიხარჯება.

გარდა რემონტისა, სკოლები ახალი ინვენტარით აღიჭურვება. შიდა ქართლში შემდეგი სკოლები გარემონტდება:

1. პატარა გარეჯვარის სკოლა, გორის მუნიციპალიტეტი

2. გორის მეოთხე სკოლა, ლიფტი

3. გორის მე-6 სკოლა, სპორტული დარბაზი

4. სოფელ ფლავის სკოლა, ნაწილობრივი რეაბილიტაცია, გორის მუნიციპალიტეტი

5. სოფელ ფლევის საჯარო სკოლა, ხაშურის მუნიციპალიტეტი

6. კასპის პროფესიული სასწავლებელი

გარდა ზემოაღნიშნული სკოლებისა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო სოფელ ქვეშის (გორის მუნიციპალიტეტი), ქვემო და ზემო ხვედურეთის (ქარელის მუნიციპალიტეტი) და აღაიანის (კასპის მუნიციპალიტეტი) ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს. ყველა მათგანის თაობაზე, 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან საქართველოში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე მუნიციპალიტეტები იზრუნებენ.