პრემიერი: დღეს ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დამტკიცდება

827

სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება.

„ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, დღეს უკვე პრაქტიკულად ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სწორი განვითარება, გენერალური გეგმა მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ე.წ „წრის“ შიდა ტერიტორიიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე ბაკურიანულას რესურსის სარეკრეაციო გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.