იმერეთის გუბერნატორად, შესაძლოა, ერთ-ერთი ვიცე-გუბერნატორი დაინიშნოს

609

იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე, შესაძლოა, მხარის ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი დაინიშნოს. ამის შესახებ kutaisipost.ge წერს.

იმერეთის მოქმედი გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა,  “ქართულმა ოცნებამ” ვანისა და ხონის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატად დაასახელოს.

გრიგოლ დალაქიშვილი გამოცემასთან მის შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას უარყოფს.

გრიგოლ დალაქიშვილი ვიცე-გუბერნატორად 2017 წლის 21 აგვისტოს დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე პაატა ნადირაძე შეცვალა, რომელიც ამჟამად ჭიათურის მერი გახლავთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გადასვლამდე 2 თვით ადრე, გრიგოლ დალაქიშვილი ქუთაისის მესამე ვიცე-მერად დაინიშნა.

გივი ჭიჭინაძე კი იმერეთის გუბერნატორის პოსტს 2015 წლის თებერვლიდან იკავებს.

ვანისა და ხონის გაერთიანებული მაჟორიტარული ოლქში შუალედური არჩევნები 2018 წლის 28 აპრილს გაიმართება.