მესტიის მერია ჰესების წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს აფრთხილებს

916

წინა სტატია

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია საპროტესტო აქციებს ეხმაურება, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ რამდენჯერმე უკვე გაიმართა. კერძოდ, უწყება „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას ეხმიანება.

უწყების ცნობით, გასულ წლებში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მესტიაში რამდენჯერმე გაიმართა, რომელიც დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო. მესტიის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის საჯარო იყო ასევე ის თარიღი, როდესაც მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად უნდა გაფორმებულიყო.

მერიაში ამბობენ, რომ გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური საჯარო განხილვებისა, დაბა მესტიაში შექმნილი „რჩეულთა საბჭოს“ მოთხოვნით ორჯერ დაიგეგმა დამატებითი შეხვედრა „სვანეთი ჰიდროს“ წარმომადგენლებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი მოთხოვნით გამართულ შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაესწრო, შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს კომპანიის მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.

მესტიის მერიის განცხადებით, პროექტის დღევანდელი მოწინააღმდეგეების ინტერესი არ გამოუწვევია არც „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მაშინდელი ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე ესწრებოდა

“2015 წლიდან არსებობს მესტია ჭალა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც შედგენილია დარგის სპეციალისტების მიერ და აღნიშნულმა დოკუმენტმა გაიარა ყველა შესაბამისი ინსტანცია, მათ შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულია დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

გამომდინარე აქედან, აღნიშნული პროექტი რომ შეიცავდეს საფრთხეებს და ზიანის მომტანი იყოს სვანეთის ეკოსისტემისთვის, პირველ რიგში ჩვენ ვიქნებოდით პროექტის მოწინააღმდეგეები, რადგან თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავალი სისხლით არის გადაჯაჭვული სვანეთის უნიკალურ ბუნებასთან.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდება ადგილობრივი კადრებიდან ჰესის მომსახურე პერსონალის შერჩევა, გადამზადება და დასაქმება. მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით, პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს შეადგენს 1 500 000 ლარს.
მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, რომ პროექტის წინააღმდეგ გამოსვლები მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა საწადელ მიზანს არჩევნების გზით ვერ მიაღწია. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ისეთი სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემით, როგორიც არის ჩვენი გარემო, აპელირებს და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს სწორედ ის ჯგუფი, რომელიც 2017 წლის არჩევნებში დამარცხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები პროექტის მიმართ ინტერესს ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოს გამართულ პირველ შეხვედრაზე გამოიჩენდნენ და არა მას შემდეგ, რაც პროექტის სამუშაოების 65 % შესრულდა.
გვჯერა, რომ აღნიშნულ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა უმრავლესობას მართლაც გული შესტკივა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და მხოლოდ გულწრფელი ემოციები ამოძრავებს, თუმცა მოგიწოდებთ ყველას, რომ უნებლიედ არ გახდეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ, პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წარმართული პოლიტიკური თამაშის მონაწილეები.” – წერია განცხადებაში.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 4 და 5 მარტს მესტიაში საპროტესტო აქცია გამართეს და სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.