ბორჯომის საკრებულოში 9 მარტს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა

826

წინა სტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების და ხელფასების მომატების საკითხი საკრებულოს მესამედ გადაუგზავა. დოკუმენტში კვლავ გაზრდილი ხელფასების შესახებ წერია, თუმცა ამ შემთხვევაში ბორჯომის მერი საკუთარი ხელფასის გაზრდას აღარ ითხოვს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ხელფასების იმ ოდენობით მატებას, როგორც ამას მერია ითხოვს, მხარს ისევ არ დაუჭერენ.

ამ საკითხზე ბორჯომის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე, 9 მარტს იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს ბორჯომის მერმა და მერიის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.