ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ბაღის მენეჯერადაც მუშაობს

239

ახალციხის საკრებულოს დეპუტატი სოფელ საძელიდან პაიცარ მანასიანი, ამავე სოფელში საბავშვო ბაღის მენეჯერია. თვითმმართველობის კოდექსი კი დეპუტატს საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნას უკრძალავს. რატომ დანიშნეს დეპუტატი ბაღის მენეჯერად, კითხვას არავინ პასუხობს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

პაიცარ მანასიანი სოფელ საძელში, ბაღის მენეჯერად, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, 2017 წლის სექტემბერში დაინიშნეს, მანამდე იგი ამავე ბაღში მასწავლებელი იყო. გამოცემის ცნობით, როდესაც მანასიანი ბაღის მენეჯერად დანიშნეს, ის უკვე ახალციხის თემის წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ბაღის მენეჯერად მუშაობის დროს, მან მონაწილეობა მიიღო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნეში – ის „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარად იყრიდა კენჭს საძელის თემში და გაიმარჯვა კიდეც.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს ამავე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ დაწესებულებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის უფლება არ აქვს.

თავად პაიცარ მანასიანი ამბობს, რომ ამ აკრძალვის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია და დასძენს, რომ ერთი წელია უკვე ბაღის მენეჯერია: “როგორც დეპუტატი ჩემს მოვალეობასაც კარგად ვასრულებ. არ ვფიქრობ, რომ რამეს ვარღვევ“ – ამბობს მანასიანი.

ახალციხის ამჟამინდელი მერი და ყოფილი გამგებელი, ზაზა მელიქიძე, რომლის დროსაც დაინიშნა დეპუტატი პაიცარ მანასიანი ბაღის მენეჯერად, ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს. მერიაში ამბობენ, რომ მერმა ჯერ იურისტებთან კონსულტაცია უნდა გაიაროს. ასევე დუმილს ინარჩუნებს ახალციხის თემის ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი ლელა ოქრომელიძე, რომლის დროსაც დაინიშნა პაიცარ მანასიანი ბაღის მენეჯერად.

გამოცემის ცნობით, პაიცარ მანასიანი “ქართული ოცნების” მაჟორიტარ დეპუტატად, 2017 წლის 14 სექტემბერს წარადგინეს. მაშინ იგი უკვე იყო ბაღის მენეჯერი, რადგან, როგორც ახალციხის მერიაში თქვეს, პაიცარ მანასიანი საძელის საბავშვო ბაღის მენეჯერად, 2017 წლის 1–ლი სექტემბრიდან მუშაობს.