2015 წელს სტიქიისას დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის გზა 13 ივნისს გაიხსნება

944

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის გახსნის სავარაუდო თარიღი ცნობილია. როგორც პროექტის შემსრულებელი კომპანიის „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელმა პაატა ტრაპაიძემ განაცხადა, პროექტის დასრულება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იგეგმებოდა, თუმცა რეაბილიტირებული გზა 13 ივნისს გაიხსნება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„პროექტს ახალი მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაემატა. წყნეთიდან სტიქიის ადგილამდე მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი ჩატარდა და აღნიშნული მონაკვეთიც კეთდება. კოჯორი-ბეთანიის შემაერთებელ გზამდე სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ჩემი ინფორმაციით, ივნისის დასაწყისში, სავარაუდოდ, 13 ივნისს გაიხსნება“, – აღნიშნავს ტრაპაიძე.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად ჩამოშლილი წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2017 წლის მაისში დაიწყო. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. უშუალოდ რეაბილიტაციას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია – “კავკასუს როუდ პროჯექტი”.

აღნიშნულ გზაზე 2015 წლიდან დღემდე, გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია. გზის სიგრძე დაახლოებით, ერთ კილომეტრს შეადგენს.