ipn.ge – არასამთავრობოები მთავრობას მიმართავენ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხში მოსახლეობის მოსაზრებები გაითვალისწინოს

1194

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მიმართავენ, ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს.
როგორც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმის პროცესში საქართველოს 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შედეგად არსებულ მუნიციპალიტეტთა დარჩენილ ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულების ოდენობის განსაზღვრის საკითხს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
“2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ხელისუფლებას წარვუდგინეთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებების პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალური ერთეულის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ამავე დროს, დროის სიმცირის მიუხედავად, ფაქტიურად ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, შეზღუდული ადამიანური, დროისა და სხვა რესურსების სიმწირის პირობებში, გაიმართა კონსულტაციები მოსახლეობასთან, რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან არასამთავრობო სექტორის მიერ შეთავაზებული ხედვების წარდგენისა და საზოგადოებისაგან შენიშვებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით.
“კონსულტაციები გაიმართა მცხეთის, გორის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ჯვარის, თელავის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოქალაქეებთან. შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მოდელს და უფრო მეტიც, შემოგვთავაზა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები ამ მოდელის წარმატებით განხორციელებისათვის. ასევე ავღნიშნავთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო რეკომენდაციას აძლევს სამთავრობო კომისიას, თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებისგან შეიქმნას ხუთი თვითმმართველი თემი. აღნიშნული გვიჩვენებს იმას, რომ ამ ხედვას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც ყავს მხარდამჭერები”, – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე აზრით, ახლა ჯერი საქართველოს მთავრობაზეა. საკითხის გადაწყვეტა და შესაბამისად, რეფორმის წარმატება დამოკიდებულია მთავრობის პოლიტიკურ ნებაზე, დროულად გადაწყვიტოს და სამომავლოდ არ გადადოს ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი.
“მოვუწოდებთ საქრთველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო პროგრამით, 2013 წლის 1 მარტის თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიითა და საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” გარდამავალი დებულებებით დეკლარირებული დაპირებები, განიხილოს ჩვენს მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე შეთავაზებული წინადადებები და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მოსახლეობასთან მაქსიმალური დაახლოების მიმართულებით”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებში.