თანამდებობის პირების ხელფასები ზუგდიდის მერიასა და გაერთიანებამდელ მუნიციპალიტეტებში

711

თემის და ქალაქის გაერთიანების შემდეგ ანაზღაურება ახლადფორმირებულ მუნიციპალიტეტში შეიცვალა. მაგალითად, დღეს ზუგდიდის მერის ხელფასი 2 750 ლარია, მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2 500 ლარს შეადგენს, მოადგილის 2400 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას “ლაივპრესი” წერს.

იგივე ოდენობის თანამდებობრივი სარგო გაიცემოდა ამ პირებზე ქალაქ ზუგდიდის მერიაშიც. რაც შეეხება გამგებლის ხელფასს, ის 2 650 ლარი იყო, პირველი მოადგილის 2 400, მოადგილის 2 200.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სამსახურის უფროსის ანაზღაურება 2 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ამდენივე გაიცემოდა ქალაქის მერიაშიც. გამგეობაში 1 900 ლარი. დღეს სამსახურების უფროსებს ერთი და მეტი მოადგილე ჰყავთ. მათი ხელფასი 1 800 ლარია. გაერთიანებამდე მოქმედ მუნიციპალიტეტებში კი უფროსებს მოადგილეები არ ჰყოლიათ.

ზუგდიდის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს სამი მოადგილე ჰყავს. ამდენივე მოადგილე ჰყავს განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს. საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს ორი მოადგილე ჰყავს. ამდენივე ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურს, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურს, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის უფროსს. ერთი მოადგილე ჰყავს შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურს, ასევე შესყიდვების და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურებს.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, წელს ის საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად 4 768 200 ლარია, შტატგარეშე მოსამსახურეთა ხელფასი კი 162 000 ლარი.

გაუქმებული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის სახელფასო ფონდი საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების შესაბამისად შეადგენდა 1 711 200 ლარს, შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება კი 75 300 ლარს.

რაც შეეხება გამგეობას, შარშანდელი შრომის ანაზღაურების ფონდი საშტატო განრიგით განსაზღვრული ანაზღაურების მიხედვით 3 101 800 ლარი იყო, შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურება კი 471 600 ლარი.

სახელფასო ფონდი ახალ მუნიციპალიტეტში 429 700 ლარით ნაკლებია, ვიდრე შარშან, თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტებში ერთად.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, დღეს მერიას 333 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 13 შრომითი ხელშეკრულებით მუშაობს.

ქალაქ ზუგდიდის მერიაში სულ 130 ადამიანი მუშაობდა, მათ შორის სამი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი იყო. გამგეობაში 234 ადამიანით იყო დაკომპლექტებული. აქედან 54 შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა.

გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში 31 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული.