კობახიძე: თვითმმართველობის დონეზე ერთპარტიული უმრავლესობა არასწორია

644

ვითარების გართულების საფუძველი არათუ არ უნდა იყოს ის, რომ სადღაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, პირიქით, თვითმმართველობის განვითარების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობის დონეზე პლურალიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„რა ინფორმაციაც მაქვს, პროცესები დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფერხდებოდა გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგალითად, ვერ გაიცემოდა ხელფასები მოხელეებზე, იყო უთანხმოება საკრებულოს შიგნით, საკრებულოსა და მერიას შორის და ამან გამოივიწია პროცესების გართულება. არათუ არ უნდა იყოს ვითარების გართულების საფუძველი ის, რომ სადღაც უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, პირიქით, თვითმმართველობის განვითარების აუცილებელი პირობაა ის, რომ თვითმმართველობის დონეზე პლურალიზმი მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პირდაპირ ვიტყვი, არასწორი მოცემულობაა, რაც იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც, რომ პრაქტიკულად, ერთპარტიული უმრავლესობაა ჩამოყალიბებული ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. თუ გვინდა, რომ თვითმმართველობა განვითარდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორის იყოს რესურსები გადანაწილებული თვითმმართველობის დონეზე. მგონია, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და საბოლოო ჯამში, ეს პროცესები მიგვიყვანს სწორედ მეტ პლურალიზმამდე, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი თვითმმართველობოს დონეზე. მთავარია ის, რომ პარტიებს შორის ჩამოყალიბდეს უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთობები, თანამშრომლობა და ამ შემთხვევაში ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კობახიძემ.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.