რუსთავის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა

506

წინა სტატია

რუსთავის მერს, მესამე მოადგილე ჰყავს. ახალი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დღეს სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან გამართულ თათბირზე ოფიციალურად წარადგინა. 

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, დღეს დასრულდა მერიის რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაუქმდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსხური და გარდაიქმნა განყოფილებად. ასევე მოხდა რამდენიმე ა(ა)იპ-ის გაერთიანება, ფუნქციები დაემატა სოციალურ სამსახურს და გადაკეთდა განათლების, სპორტის, ხელოვნებისა და სოციალური დაცვის სამსახურად.

მისივე თქმით, რეორგანიზაციის შედეგად მოხდა მხოლოდ შიდა გადაადგილებები, რასაც თანამშრომელთა შემცირება არ მოჰყოლია.

„დღეს წარვადგინე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, მისი საკურატორო იქნება ქონებისა და ეკონომიკის განვითარების, არქიტექტურის სამსახურები. ახალი გამოწვევები, სერვისები, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ, ქალაქის განაშენიანება და სწორი დაგეგმარება – სწორედ ეს იქნება ის მიმართულებები, რომელსაც ჩაიბარებს და უხელმძღვანელებს ბესიკ ტოგონიძე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა.

როგორც ბესიკ ტოგონიძემ განაცხადა, ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე და მისთვის, როგორც რუსთაველისთვის, უდიდესი პასუხისმგებლობაა მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა.

„მინდა, რომ ჩემი გამოცდილება და რესურსი, მთლიანად მოვახმარო ჩვენი ქალაქისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას“, – განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.