ზაზა გაბუნია: ევროპული ქარტიის დამატებითი პროტოკოლის რატიფიცირებისთვის სამუშაოებს ვიწყებთ

619

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელის,ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ევროპული ქარტიის დამატებითი პროტოკოლის, ე.წ. უტრეხტის ოქმის რატიფიცირებისათვის მუშაობას იწყებს. მისი თქმით, ეს თვითმმართველობებში კიდევ უფრო მეტად აამაღლებს მოქალაქეთა ჩართულობის სტანდარტს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

რაც შეეხება პარლამენტში დღეს გამართულ პრეზენტაციას, გაბუნიას თქმით, დეცენტრალიზაციის ხედვის განხორციელება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო საკითხი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის.

”ჩვენ ახლახანს შევიმუშავეთ კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული ადგილი სწორედ დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიის არსებობის მნიშვნელობას ეთმობა და ამას განსაკუთრებული ღირებულება აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გრძელვადიან პერსპექტივაში იქნეს დანახული კომიტეტის საქმიანობაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმების გათვალისწინებით. ჩვენ, ხელისუფლება აქცენტს ვაკეთებთ სწორედ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაზეც როგორც ძირითად სვეტებზე უნდა დაეყრდნოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება და თვითმმართველობის გაძლიერების კონცეფცია – ახალი უფლებამოსილებები, მეტი ფინანსური რესურსები და მოქალაქეების, ადამიანების მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში”, – განაცხადა გაბუნიამ.

პარლამენტში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე ხედვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ. ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, სტრატეგია 8 წელზეა გათვლილი.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.