პრემიერმა თვითმმართველობის განვითარების ხედვის სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში თვითმმართველობის განვითარების ხედვა წარადგინა.

პრემიერმა გამოსვლის დროს რეგიონებში ცხოვრების სხვადასხვა დონის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა რეგიონებს შორის უთანასწორობის პრობლემის აღმოფხვრა. მისი თქმით, ეს პრობლემები ხშირ შემთხვევაში სოფლად მცხოვრებ ხალხს აიძულებდა თავიანთი სოფლების დატოვებას და ქალაქში წასვლას, კვირიკაშვილის თქმით, ბევრმა მათგანმა საქართველოს დატოვა.” ჩვენი პრიორიტეტია რომ რეგიონებს შორის ცხოვრების დონის უთანასწორობა აღმოვფხვრათ”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიული ხედვის მიზანია კიდევ უფრო გაძლიერდეს და განმტკიცდეს თვითმმართველობა ადგილობრივ დონეზე.

“ჩვენი ხედვა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1. თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება; 2. თვითმმართველობას მეტი ეფექტიანობისთვის უნდა ჰქონდეს მეტი ფინანსური რესუსრსი და ამ რესურსის თანდათანობით გადანაწილებას თვითმმართველობების მიმართულებით; 3. თვითმმართველობა უნდა აკმაყოფილებდეს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლეს პრინციპებს/სტანდარტებს. ის უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მართვის პროცესში . ამ სამივე ღერძის ერთობლიობა ჩვენ მოგვცემს სრულიად სხვა, თვისობრივ შედეგს თვითმმართველობებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები.

ეროვნული ხედვის წარდგენას სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მოჰყვება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.

2 თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას, პარლამენტის ტრიბუნიდან დეცენტრალიზაციის გეგმაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ხელისუფლებისათვის თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ბლოკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტატეგიული ხაზია და აქვე განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი 10 წელს გასტანს.

მსგავსი სიახლეები