gurianews.ge – “დიდი ალბათობაა მთავრობამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს”

810

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ და უახლოეს დღეებში მთავრობას ამ შეხვედრების შედეგებს გააცნობენ.

აღსანიშნავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს, შეიძლებოდა არასწორად წარმართულიყო. მათი განცხადებით,  თვითმმართველი თემების ფორმირების საკითხი, მთავრობის ინიციატივით, არაფერს ცვლის და მოსახლეობა თვითმმართველობას ვერ დაუახლოვდება. რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ყველაფერი მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება, თუმცა, მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა კომისიამ გადაიფიქრა და ამ დრომდე არცერთი შეხვედრა არ ჩატარებულა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია, ზემოთ აღნიშნულ საკრებულოებსა და მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

რა კონკრეტული შედეგი დაიდება და როდის მიიღებს სამთავრობო კომისია პარლამენტისთვის გასაგზავნ დოკუმენტს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, არასამთავრობოების განცხადებით, სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად დაახლოებით ერთი კვირა აქვს.

საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავენ და უახლოეს დღეებში მთავრობას ამ შეხვედრების შედეგებს გააცნობენ.

“სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, შეხვედრები იმ 7 ქალაქის მოსახლეობასთან გაიმართა, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში თვითმმართველ ქალაქად უნდა ჩამოყალიბდეს, დარჩენილ ტერიტორიაზე კი მუნიციპალიტეტები უნდა შეიქმნას.

“ეს შეხვედრები სამთავრობო კომისიასთან ერთად უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს და მარტო ვატარებთ. თქვენ იცით ჩვენს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ვარიანტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შეხვედრებს როგორც გამგეობის თანამშრომლები, ასევე მოსახლეობაც ესწრება. ძირითადად, ჩვენი გეგმის მომხრეები ჭარბობენ. მოსახლეობა ძალიან აქტიურობს და ხელმოწერების შეგროვებასაც კი აპირებენ, რომ ჩვენი პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატონ. არის გარკვეული შენიშვნები და რჩევები, მაგრამ ძირითადად, მთავრობის შეთავაზებულ ვარიანტს, ერთი თვითმმართველი ქალაქი და ერთი მუნიციპალიტეტი, მხარს არ უჭერენ. ვიცით, რომ ქობულეთს, ჭიათურას და კიდევ რამდენიმე ქალაქს უნდოდა თვითმმართველ ქალაქად გამოყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. უფრო საჩქაროა და კანონიც მოითხოვს, რომ მომავალი კვირისთვის პარლამენტმა დადგენილება მიიღოს, რამდენი თვითმმართველი ქალაქი და რამდენი მუნიციპალიტეტი შეიქმნება. დღეს გორის საკრებულომაც იმსჯელა ამ საკითხებთან დაკავშირებით და მანაც რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირა “, _ აღნიშნავს კანდელაკი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ვარიანტი, თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ რამდენიმე თვითმმართველი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს, მისთვისაც მისაღებია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მოესწრება ამ ძირეული რეფორმის განხორციელება თვითმმართველობის არჩევნებამდე.

“ჩემი პოზიციაა, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მიუახლოვდეს ადგილობრივ თვითმმართველობას. მეტი ჩართულობა იყოს დაა.შ. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნდა გავითვალისწინოთ რა დრო დაგვრჩა არჩევნებამდე. სამთვეზე ნაკლებია დარჩენილი, ყველას გათვლა კი, რაც არასამთავრობოებმა წარმოადგინეს, ჩემი მოლოდინია, რომ ასეთ მოკლე დროში განხორციელებას ვერ მოვასწრებთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი უცხოელი კოლეგების ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ტეროტორიული მოწყობის თვალსაზრისით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელებს გაასავსავებდნენ და არ დათანხმდებოდნენ. ჩვენ გვჭირდება კარგად გააზრებული და გათვლილი ტერიტორიული მოწყობა. თუმცა, ჩემი აზრი თვითმმართველობის კიდევ უფრო მიახლოებაზე მოსახლეობასთან 800-900 ერთეულის შექმნას გულისხმობს და არა 31-სას როგორც ეს აქ არის წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის განხორციელება ვერ მოესწრება და დროისამბავია”, _ აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

მსგავსი განცხადებების გამო, კოტე კანდელაკი ფიქრობს, რომ შესაძლოა, მთავრობამ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს და არასამთავრობოების შეთავაზებას მხარი არ დაუჭიროს.

“ამის ძალიან დიდი ალბათობაა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე. თავიდან არანაირი ეჭვი არ იყო, რომ მოსახლეობის მოსაზრებას არ გაითვალისწინებდნენ, რადგან თავადაც ჰქონდათ სურვილი, რომ მათი აზრი გაეთვალისწინებინათ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეხვედრები გააჩერეს და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული არ აქვთ. ამიტომ ეს ეჭვი საკმაოდ იზრდება. ამ დღეებში ვაპირებთ, მთავრობას ჩვენს მიერ ჩატარებული შეხვედრების შეჯამებული ვარიანტი გადავუგზავნოთ და მოსახლეობის დამოკიდებულება გავაცნოთ”, _ აღნიშნა კანდელაკმა “გურია ნიუსთან” საუბრისას.

როგორც საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად, თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების პროცესში, რამდენიმე ძირთადი საკითხი იკვეთება: ქვეყანაში არ არის აღწერილი ქონება. დაუდგენელია სოფლების ზუსტი საზღვრები. გაურკვეველია თუ როგორ განაწილდება ქონება და რომელ სოფელს, რომელ მუნიციპალურ ცენტრს მიაკუთვნებენ. ამასთან, მთავრობა არ იძლევა კონკრეტულ გარანტიებს, ნამდვილად ექნება თუ არა სოფლებს დამოუკიდებელი ბიუჯეტი დაყოფის შემდეგ. საკანონმდებლო გარანტიები მათთვის არ არის სანდო, რადგან მთავრობას აქვს ბერკეტი, ნებისმიერ დროს შეცვალოს გამოთანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა. დარჩენილ დროში საკმაოდ რთულია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ოპტიმიზაციას და ამ პროცესის მოსამზადებელ პერიოდს უკავშირდება. არ არიან დარწმუნებული, შეთავაზებულ ვარიანტის მიხედვით, თითოეულ მუნიციპალიტეტში გაერთიანებული სოფლები რამდენად შეძლებენ თანაცხოვრებას და აინტერესებთ, ხომ არ შეიქმნება პრობლმები სოფლებს შორის. როგორ გაიზრდება სატრანსფერო დაფინანსება, როცა დღეს მთელი მცხეთის რაიონი 1 მილიონზე ცოტა მეტს იღებს?! რა დამატებითი წყაროები შეიძლება გამოიძებნოს, რაც გაზრდის ახალი მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაფინანსებას და რატომ არ შეიძლება იგივე პროპორციით დღესვე გაიზარდოს თვითმმართველი ქალაქის სატრანსფერო დაფინანსება?! ამასთან, მოსახლეობას აინტერესებს როგორ წარიმართება საარჩევნო საკითხები, როგორ დარეგულირდება მაჟორიტარი დეპუტატის და საკრებულოს დეპუტატების არჩევის საკითხები ტერიტორიული ოპტიმიზაციის კონტექსტში.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მიიღოს.