გაბუნია: ბორჯომის მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადების მომზადებაზე, უმრავლესობა იმსჯელებს

753

წინა სტატია

თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომელიც ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალური განცხადების მომზადებას ეხება, უმრავლესობა იმსჯელებს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, თუმცა მათ მიერ დასმული საკითხები მოვინიშნეთ და ამაზე ვიფიქრებთ. კერძოდ იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი განცხადება მომზადდეს და რა შეიძლება მასში აისახოს“, – განაცხადა გაბუნიამ.

დეპუტატი სალომე სამადაშვილის მიერ შეხვედრის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გუშინდელის მსგავსად, დღესაც დესტრუქციულად მოიქცა.

„მიიჩნიეს, რომ სადაც საქმიანი განხილვებია, მათი ადგილი იქ არ არის და სხდომა დატოვეს“, – დასძინა გაბუნიამ.

საპარლამენტო უმცირესობის შეთავაზების საფუძველზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში დახურული შეხვედრა გაიმართა. უმცირესობა უმრავლესობას სთავაზობს,  ბორჯომში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა სპეციალური განცხადება მიიღოს.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.