ოპოზიცია ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადების მიღებას მოითხოვს

662

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ხვდებიან. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

შეხვედრა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის ფარგლებში,  დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

„ევროპული საქართველო“ კომიტეტის მხრიდან სპეციალური განცხადების მიღებას მოითხოვს, სადაც მათი განცხადებით, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებზე განხორციელებული ფიზიკური დაპირისპირება დაგმობილი უნდა იყოს.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძის განცხადებით, როცა საქმე პოლიციის არაეფექტურ რეაგირებას ეხება, პარლამენტი ვალდებულია, საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

სხდომა პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა დატოვა.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.