ბორჯომის მოვლენებზე დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში კონსულტაციები გაიმართება

1271

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტში დღეს შეხვედრა გაიმართება. ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობისა და “ევროპული საქართველოს” წევრებს შორის შედგება.

კერძოდ, უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და დეპუტატი მერაბ ქვარაია უმცირესობის წევრებს შეხვდებიან.

ამ დრომდე არ კონკრეტდება, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

საპარლამენტო ოპოზიციამ ბორჯომში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა გუშინ თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოითხოვა, თუმცა სხდომა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

1 მარტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყვნენ მობილიზებული. საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. ვითარება ბორჯომში 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.