ჰქონდა თუ არა ბორჯომის მერიას გაფიცვის უფლება?

წინა სტატია

დღეს, 2 მარტს, ბორჯომის მერიაში თანამშრომლები არ გამოცხადდნენ. სამსახურში არც ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია მივიდა. მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ ფორმით ისინი უხელფასოდ მუშაობას აპროტესტებენ.

პროტესტი მერიაში

“მერიის თანამშრომლებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ფორმას საკრებულოს ოპოზიციური გადაწყვეტილების და ოპოზიციური ძალების მიმართ. არ გამოცხადდნენ სამსახურში, მერიც შესაბამისად არ იმყოფება ადგილზე”, – გვითხრა ბორჯომის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლონდა ფილიშვილმა.

ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისი მოადგილე, ბუბა ბერიძე კი ამბობს, რომ სამართლებრივად ეს არის თუ არა გაფიცვა, არ იცის: “ეს არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, იმიტომ, რომ თანამშრომლებს არ ეძლევათ საშუალება იმუშაონ ნორმალურ გარემოში და უკვე მესამე თვეა არ აქვთ ხელფასი. გამოდის, რომ გაფიცვაა, ზუსტი ტერმინი, სამართლებრივად რა ჰქვია, ვერ გეტყვით, მაგრამ პროტესტის გამოხატულებაა, სანამ არ მიეცემათ საშუალება, რომ აკეთონ თავის საქმე და მოემსახურონ თავის ქალაქს, ჰქონდეთ ხელფასი, მანამდე თანამშრომლები აღარ იმუშავებენ”.

ჰქონდათ თუ არა გაფიცვის უფლება მერიის თანამშრომლებს და მერს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ მერიის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აქვთ და პროტესტის ეს ფორმა ლეგიტიმურია. მისივე თქმით, თანამშრომლებს შეუძლიათ უფრო ცივილური მეთოდიც გამოიყენონ: “მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ და დაავალდებულონ საკრებულო, რომ გადაწყვეტილება მიიღონ. შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ კონკრეტული პირისთვის არ იქნება მისაღები, გაასაჩივრონ სასამართლოში“.

ბებიაშვილი ამბობს, რომ, თუ საკრებულოს არ მოსწონს მერიის წარდგენილი პროექტი, უნდა განიხილოს და მოტივირებული შენიშვნებით დააბრუნოს უკან: “არ დავამტკიცებ, არ არის სწორი ნათქვამი, უნდა იყოს, რატომ არ დავამტკიცებ. კანონი არსებობს საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, თუ მერიის მიერ წარდგენილი პროექტი შეესაბამება კანონს, მაშინ რა პრობლემაა?! თუ არ შეესაბამება კანონს, მაშინ საკრებულომ თვითონ გააკეთოს ცვლილება ისე, როგორც თვითონ ფიქრობენ და ის ვარიანტი დაამტკიცონ. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?! ორი თვე ადამიანები ვერ იღებენ ხელფასს და ეს არის მათი უფლებების დარღვევა”.

გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს საქართველოს შრომის კოდექსი მუხლი 49. 1.

ინდივიდუალური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი საქართველოს შრომის კოდექსი. მუხლი 49. 4

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს, რომ ბორჯომის მერს გაფიცვის უფლება არ აქვს და გარდა ამისა, გაფიცვას გარკვეული პროცედურები სჭირდება.

“გაფიცვას სჭირდება არა ნაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე წერილობთ შეტყობინება, დასაქმებულმა დამსაქმებელს უნდა შეატყობინოს სამი დღით ადრე, ანუ ამ შემთხვევაში საჯარო მოხელეებმა მერს. კანონი არ ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირის, ანუ მერის გაფიცვას. მერმა შეიძლება გამოაცხადოს ბოიკოტი, მაგრამ მერის გაფიცვა, მსოფლიო ისტორიას ვფიქრობ, რომ არ ახსოვს”.

მისი განმარტებით, თანამშრომლებს მერის სახელზე უნდა გაეგზავნათ წერილი და ეცნობებინათ გაფიცვის ადგილი და ხასიათი: “ანუ მოთხოვნები, თუ რის გამო იფიცებიან. გაფიცვა სახლში ყოფნა არ არის, გაფიცვა არის ის, რომ სადღაც არიან და უბრალოდ არ მუშაობენ. სახშლი ვიჯექი, დამეზარა წამოსვლა და გაფიცული ვარ, ეგ არის უკანონო გაფიცვა. უკანონო გაფიცვა უთანაბრდება სამსახურში არ მისვლას მიზეზის გარეშე. ე.ი. არ გაქვს მიზეზი სამსახურის გაცდენის და რაც არ უნდა იძახო, რომ გაფიცული ვარ, აზრი არ აქვს”.

როდემდე აპირებენ პროტესტის ამ ფორმის გამოყენებას მერიის თანამშრომლები

ბორჯომის მერიაში დღეს სამსახურში დაახლოებით 90 თანამშრომელი არ მივიდა. მათგან განსხვავებით, მუშაობა არ შეუწყვეტიათ მერიის ააიპ–ებს. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიხსნიან, მერიაში დაახლოებით 17–18 ააიპ–ია და ყველა მათგანი მუშაობს: “არც ბაღებს, არც დასუფთავებას, არავის არ შეუწყვეტია მუშაობა. მხოლოდ ის სამსახურები გაჩერდა, მერიის შენობაში რაცაა”.

მისივე თქმით, და ამას ბორჯომის მერის მოადგილეც ადასტურებს, პროტესტის ეს ფორმა იქამდე გაგრძელდება ვიდრე ხელფასების საკითხი არ გადაწყდება: “მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული როდის შეწყდება პროტესტის ეს ფორმა”.

რას აპირებს საკრებულო

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ამბობს, რომ მერიის მიერ წარდგენილი სახელფასო ანაზღაურების პროექტი სამჯერ დააბრუნა უკან მოტივირებული შენიშვნებით: “მაგრამ, ყველა ჯერზე გვაწვდიან იგივე ვერსიას, რაც თვითონ აწყობთ”.

რაც შეეხება ბორჯომის თვითმმართველობის პარალიზებას, საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკები რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით: “უახლოეს ვადაში, როგორც კი წარმოგვიდგენენ მოთხოვნას, რიგგარეშე სხდომა დაინიშნება”.

რამ გამოიწვია პროტესტი

ბორჯომის მერიაში მუშაობა, სხვადასხვა ფორმით, ფაქტობრივად სამი დღეა პარალიზებულია. კრიზისი ხელფასების საკითხმა გამოიწვია. ბოსჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სადაც უმრავლესობაში ოპოზციზიაა და ოპოზიციონერია საკრებულოს თავმჯდომარეც, არ ამტკიცებს მერიის მიერ წარდგენილ სახელფასო ოდენობებს, იმ მოტივით, რომ 700–800 ლარით ითხოვს მერია ხელფასების გაზრდას. საკრებულოში ამბობენ, რომ მზად არიან დასთანხმდნენ ხელფასების 150–200 ლარით მატებას.

ამ პრობლემის გამო, მესამე თვეა, მერიის 125 თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. 28 თებერვალს, სხდომას, რომელზეც ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ, 14–საათიანი დაძაბულობა, მათ შორის, ხელჩართული ჩხუბიც მოჰყვა მერიაში. გუშინ, პირველ მარტს, მერიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს ორი მოთხოვნით – გადადგეს ზაზა ჩაჩანიძე და დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ხელფასების საკითხს განიხილავენ.

დღეს კი მერია გაიფიცა.

 

მსგავსი სიახლეები